კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საერთაშორისო პროექტის შედეგების პრეზენტაცია

25.11.2021
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის  „აღმოსავლეთის პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ტრანსფორმაციის პროცესში“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა დაფინანსდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდებოდა უნივერსიტეტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებდა კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის უნივერსიტეტს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და ლვოვის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის (ISPC) ცენტრს. თსუ-დან პროექტის თანაავტორი და პარტნიორი იყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი.  

  „საკმაოდ სერიოზული და საინტერესო კვლევა ჩატარდა ჩვენს რეგიონში აღმოსავლეთ პარტნიორობის როლზე. დღეს ვაჯამებთ კვლევის შედეგებს, ვიმედოვნებ, რომ ბევრ სიახლეს შევიტყობთ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით და იმ გამოწვევების შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით გააჩნია,“- აღნიშნა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ.

ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში იგეგმება პუბლიკაციის გამოცემა, რომელიც ფართო საზოგადოებას კვლევის შედეგებს გააცნობს. „ინგლისურ ენაზე გამოცემული პუბლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება არამარტო ქართველი, ასევე  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მკითხველებისთვისაც. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტთან ჩვენს ინსტიტუტს თორმეტწლიანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ არაერთხელ ჩაგვიტარებია სამეცნიერო კონფერენციები, ვორკშოპები, ღონისძიებები,“ - განაცხადა ნინო ლაპიაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე დემეტრე ეგნატაშვილი,  თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპის ისტორიის მოდულის ხელმძღვანელი, თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა,  პროგრამის ხელმძღვანელი და კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი პიოტრ ბაიორი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი მაგდალენა ვოიდასიევიჩი და კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და სოციალური კომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი ევა ბოგაჩ-ვოიტანოვსკა

„მეცნიერების და ზოგადად, საზოგადოების მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული არა კონკურენციასთან, არამედ თანამშრომლობასთან. ჩვენი პროექტი თავისი არსით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებს შორის კოოპერაციას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას ეძღვნება. ჩემი დღევანდელი მოხსენების თემა ასევე უკავშირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე მისიას, რომელშიც მოიაზრება  უნივერსიტეტების არა მხოლოდ საგანმანათლებლო და კვლევითი, არამედ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ფუნქციები“- აღნიშნა ევა ბოგაჩ-ვოიტანოვსკამ.

კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ კვლევის ავტორებმა - ნინო ლაპიაშვილმა (“ასოცირების შეთანხმების გამოყენება საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში”), მარიამ ჯაშმა და ვახტანგ ჭარაიამ (“აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციტიავის როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში”) უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს და გაიმართა თემატური დისკუსია ღონისძიების მონაწილეებთან.






<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012